24 სექტემბერი, 2025
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს (FMO) შორის 80 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული გრძელვადიანი ტრანზაქცია მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, ქალ და აგრომეწარმეთა მხარდაჭერას. FMO-მ აღნიშნული რესურსი საქართველოში AAA რეიტინგის მქონე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების გზით მოიზიდა. ეს კი, თავის მხრივ, მხარს უჭერს ქვეყანაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ეკონომიკის დე-დოლარიზაციას.
„მოხარულები ვართ, რომ FMO-სთან წარმატებული თანამშრომლობა ცხრა წელიწადს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში FMO-მ, საქართველოში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კრედო ბანკში 400 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული 80 მილიონი ლარის მოცულობის ტრანზაქცია, გასული წლის გრანტთან და NASIRA საგარანტიო პროგრამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა, ქალ და აგრომეწარმეთა გაძლიერებას, ადგილობრივ ვალუტაში ხელმისაწვდომი და გრძელვადიანი დაფინანსების მიღების გზით. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო FMO-სა და ყველა ჩართულ მხარეს, მათი პროფესიონალიზმისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.
,,გამოწვევებით სავსე გარემოში, FMO მხარს უჭერს მეწარმეებს და მათთვის ქმნის წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს. კრედო ბანკთან ახალი ტრანზაქციაც ასახავს ჩვენს საერთო მიზანს - ახალგაზრდა, ქალ და აგრომეწარმეთათვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებითა და კაპიტალის ბაზრის განვითარებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მეტად ინკლუზიური და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის შექმნას," - აღნიშნა FMO-ს ფინანსური ინსტიტუტების დირექტორმა, ხუან ხოსე დადა ორტიზმა.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 99 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
ნიდერლანდების განვითარების ბანკი (FMO) წარმოადგენს ჰოლანდიის მეწარმეთა განვითარების ბანკს. როგორც დადებითი გავლენის მქონე ლიდერი ინვესტორი, განვითარებად ქვეყნებში ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეებში ინვესტირებით, FMO მხარს უჭერს კერძო სექტორის სტაბილურ ზრდას. FMO-ს სწამს, რომ ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწინდარია. მას 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მეწარმეების გაძლიერებაში, რათა გახადოს ადგილობრივი ეკონომიკა უფრო ინკლუზიური, პროდუქტიული და მდგრადი. FMO ფოკუსირდება სამ სექტორზე, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაზე დიდი გავლენა აქვს: აგრო ბიზნესები, წყალი და საკვები, ენერგეტიკა და ფინანსური ინსტიტუტები. 13 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პორტფელით, რომელიც 85 ქვეყანაშია ინვესტირებული, FMO ერთ-ერთი უდიდესი კერძო სექტორის განვითარების ბილატერალური ბანკია მსოფლიოში.